ისტორია

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საქართველოს პირველი უმაღლესი სასწავლებელია. მისი დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. წლების მანძილზე კონსერვატორია ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი იყო კავკასიაში. 1924 წელს სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, 1947 წლიდან კი გამოჩენილი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს. როგორც არქიტექტურული ძეგლი კონსერვატორიის შენობა, შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

სხვადასხვა წლებში თბილისის კონსერვატორიას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქართველი და რუსი მუსიკოსები, მათ შორის ნიკოლაი ნიკოლაევი (1917-1918), ალექსანდრ ჩერეპნინი (1919-1922), მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი (1924-1925), ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლები: ზაქარია ფალიაშვილი (1918-1919; 1922-1923; 1930-1931), დიმიტრი არაყიშვილი (1926-1929); გამოჩენილი კომპოზიტორები: გრიგოლ კილაძე (1938-1940; 1940-1941; 1944-1951), შალვა მშველიძე (1940), ვანო გოკიელი (1941-1943), იონა ტუსკია (1952-1962), ოთარ თაქთაქიშვილი (1962-1964), სულხან ცინცაძე (1965-1984), ნოდარ გაბუნია (1984-2000). ამჟამად კონსერვატორიას სათავეში უდგას ცნობილი მუსიკოსი,  პიანისტი და საზოგადო მოღვაწე მანანა დოიჯაშვილი (2000).

თბილისის კონსერვატორიის დაარსებას წინ უძღოდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ინტენსიური მუსიკალური ცხოვრება. ქართული საზოგადოება ეზიარა საოპერო ხელოვნებას, დასავლეთ ევროპულ და რუსულ კლასიკურ მუსიკას, შეიქმნა მუსიკალური განათლების კერები, გაჩნდა ეროვნული მუსიკალური კადრების აღზრდის შესაძლებლობა.

თბილისის კონსერვატორია დაარსდა სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე, რომლისთვისაც სახსრების შეგროვება 1891 წელს ანტონ რუბინშტეინის საქველმოქმედო კონცერტით დაიწყო. შეგროვილი თანხით და შემოწირულობებით (რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ძმებს სტეფანე, ლევან და იაკობ ზუბალაშვილებს) აიგო სასწავლებლის შენობა (არქიტექტორი ალ. შიმკევიჩი), რომელიც 1917 წელს გადაეცა კონსერვატორიას.

ისევე, როგორც საუკუნის წინ, დღესაც მნიშვნელოვანია კონსერვატორიაზე მზრუნველ მეცენატთა, ბიზნეს ჯგუფებისა და მეგობრების როლი.  ამ თანადგომის შედეგად, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად რეკონსტრუ­ირე­ბუ­ლია კონსერვატორიის დიდი (500 ადგილი)  და მცირე (200 ადგილი) საკონცერტო დარბაზები; კამერული (80 ადგილი), საოპერო სტუდიის და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის სარეპეტიციო დარბაზები; საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ფონოტეკა და ხმის ჩამწერი სტუდიები. კონსერვატორია უძველესი ბიბლიოთეკის მფლობელია; ხოლო მისი ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია და ნივთები მუზეუმ-კაბინეტში  და არქივშია დაცული.

კონსერვატორიის პირველ პედაგოგებს შორის იყვნენ ლისტის, ვენიავსკის, მარმონტელის, ჩაიკოვსკის, მოშელესის, კულაუს მოწაფეები, ჯულიარდის სკოლის დამაარსებლები რ. და ი. ლევინები, გ. ნეიჰაუზი, ფ. კესნერი, ლ. ტრუსკოვსკი, ე. ვრონსკი, ო. ბახუტაშვილი-შულგინა, ვ. ვილშაუ, კ. მინიარი, ე. გუზიკოვი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ლა სკა­ლას ყოფილი სოლისტი ე. ბროჯი, პეტერბურგის და მოსკოვის კონსერვატორიების პრო­ფესორ-მასწავლებლების მიერ აღზრდილი ქართველი მუსიკოსები: კომპოზი­ტო­რე­­ბი ზ. ფალიაშვილი, დ. არაყიშვილი, და პიანისტები - ა. თუ­ლაშ­ვი­ლი და ა. ვირსალაძე, მევიოლინეები - ლ. იაშვილი და ლ. შიუკაშვილი, მომღერლები - დ. ანდღულაძე, ს. ინაშვილი, დირიჟორები - ო. დი­მიტ­რია­დი, ე. მიქელაძე,  მუსიკისმცოდნეები - შ. ასლანიშვილი, ვ. დონაძე, გ. ჩხიკვაძე, პ. ხუ­ჭუა და სხვ.

თავისი არსებობის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ აღზარდა მრავალი გამოჩენილი მუსიკოსი, მათ შორის ქართველ კომპოზიტორთა მთელი თაობები: ა. ბალანჩივაძე, შ. მშველიძე, ა. მაჭავარიანი, ო. თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე, რ. ლაღიძე, დ. თორაძე, ბ. კვერნაძე, ს. ნასიძე, ნ. გაბუნია, გ. ყანჩელი, ნ. მამისაშვილი, ი. კეჭაყმაძე, თ. ბაკურაძე, ი. ბარდანაშვილი, ზ. ნადარეიშვილი და სხვ. დირიჟორები: ჯ. კახიძე, ვ. მაჭავარიანი და სხვ. განსაკუთრებით მაღალი დონე გამოარჩევს ქართულ საშემსრულებლო სკოლას. მის საუკეთესო ტრადიციებზე მეტყველებს კურსდამთავრებულთა წარმა­ტე­ბე­ბი, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ. თბილისის კონ­სე­რ­ვატორიის პროფესორთა აღზრდილებს შორის არიან: ელისო ვირსალაძე, რუ­დოლფ კერერი, დიმიტრი ბაშკიროვი, ლევ ვლასენკო, თენგიზ ამირეჯიბი, ნოდარ ანდღულაძე, მანანა დოი­ჯა­შვილი, თამარ გაბარაშვილი, ლექსო თორაძე, მარინე იაშვილი, ალექსანდრე ნიჟარაძე, ალექსანდრე კორ­სანტია, პაატა ბურჭულაძე, ეთერ ანჯაფარიძე, ლამარა ჭყონია, ნათელა და ეთერი ჭყონიები, იანო ალიბეგაშვილი (თამარი), ლა­დო ათანელი, ალა სიმონიშვილი, თამარ ჯავახიშვილი (ივერი), ნინო სურგულაძე და სხვ.

დღეს კონსერვატორიაში 200-მდე პროფესორ-მასწავლებელი მუშაობს. მათ შორის 19 სრული პროფესორია, 80-ზე მეტი ასოცირებული პროფესორი, ხოლო 16 კი ასისტენტ-პროფესორია. ისინი ეწევიან აქტიურ პედაგოგიურ, პროფესიულ-საშემსრულებლო და სამეცნიერო მოღვაწეობას. გამოდიან კონცერტებით, ატარებენ მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებს, მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

დაარსების დღიდან კონსერვატორია გახდა მნიშვნელოვანი კულტურული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კერა. აქ ეწყობა სხვადასხვა სახის მუსიკალური ფორუმები, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსები, თემატური საღამოები თუ საკონცერტო ციკლები, სტუდენტთა ძალებით ხორციელდება საოპერო დადგმები.

დღეს კონსერვატორიას ფართო საერთაშორისო კავშირები აქვს; 2000 წლიდან კონსერვატორიაში სისტემატურად ტარდება მასტერკლასები, ყოველწლიური ”საგაზაფხულო საშემსრულებო სემინარები” (ჟერომ პერნოს (ჩელო), ჟერომ დიუკროს (ფ-ნო), გვიდო ზეგერსის (საყვირი) და იოჰან შტრუბის (ფ-ნო)) და კონკურსები სხვადასხვა საშემსრულებლო სპეციალობებით, რომელთაც მსოფლიოში სახელმოხვეჭილი უცხოელი და ქართველი მუსიკოსები მართავენ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკონცერტო ცხოვრების ცენტრია. სხვადასხვა წლებში კონსერვატორიის მცირე და დიდ საკონცერტო დარბაზებში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები: ვ. ჰოროვიცი, ე. პეტრი, დ. შტიდრი, ო. რიდი, ს. რიხტერი, დ. ოისტრახი, ე. გილელსი, მ. როსტროპოვიჩი და სხვ.

ამავე დროს კონსერვატორია მუსიკალური ხელოვნების სამეცნიერო კვლევის ძირითადი კე­რაა საქართველოში. აქ ეწყობა კონფერენციები და სიმპოზიუმები, როგორც ქვეყნის ისე საერთაშორისო მასშტაბით. 2003 წელს დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის, მათ შორის, საერთაშორისო პროექტებს.  კონსერვატორიაში იქმნება და გამოიცემა სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა. ბეჭდვითი გა­მო­მცემლობის პარალე­ლუ­რად, 2004 წლიდან ფუნქციონირებს სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი.

დღეს კონსერვატორიაში 400-მდე სტუდენტი სწავლობს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კონსერვატორიის სასწავლო-სამეცნიერო და საკონცერტო ცხოვრებაში, სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ კონკურსებსა და კონფერენციებში. ძალზე დიდია პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სია.

1995 წლიდან სახელმწიფო კონსერვატორია გადავიდა ორსაფეხურიანი სწავლების ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაზე. 2005 წლიდან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია არის კონსერვატორიების ევროპული ასოციაციის წევრი. ამავე წელს შეუერთდა ბოლონიის პროცესის საგანმანათლებლო, კრედიტებისა და შეფასების საერთაშორისო სისტემას.

კონსერვატორიამ არა მარტო შეინარჩუნა მუსიკალური განათლების მდიდარი საუ­კუ­ნო­ვანი ტრადიციები, არამედ დაიმკვიდრა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი პროფესიული და აკადემიური სასწავლებლის სტატუსი XXI საუკუნეში.

საავტორო უფლებები © თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორია 2006
საიტი შექმნილია ITDC-ს მიერ