2009 წელს ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიხსნა სამუსიკო სემინარია - თერთმეტწლედი, რომელმაც ბინა დაიდო კონსერვატორიის კუთვნილ შენობაში ჩუბინაშვილის ქუჩაზე. სპეციალურ საგნებს სემინარიაში ძირითადად კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან. სკოლის მიზანია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, განვითარება და მათი პროფესიული ორიენტაცია ადრეული ასაკიდან.

სემინარიაში საორკესტრო და საფორტეპიანო განყოფილებების პირველ კლასში  ბავშვები ჩაირიცხებიან მუსიკალური სმენის, რითმის, მეხსიერების შემოწმების შედეგად.

II კლასიდან XI კლასის ჩათვლით კი ტარდება მისაღები გამოცდა სპეციალობაში და გასაუბრება სოლფეჯიოში შესაბამისი კლასის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, საორკესტრო განყოფილებაზე (არფა, ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტები) შესაძლებელია ინტენსიური სწავლება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რაც საშუალებას აძლევს ნიჭიერ, მაგრამ მუსიკალური განათლების არმქონე მოსწავლეებს, სწავლა დაიწყონ V, VI, კლასიდან.

სემინარიაში ბავშვები სწავლობენ  საფორტეპიანო, საორკესტრო სიმებიან, საორკესტრო ჩასაბერ, დასარტყამ და თეორიულ  სპეციალობებზე. თითო კლასში 12-14 ბავშვი სწავლობს, ხოლო თეორიულ საგნებში ეს რაოდენობა იყოფა საჭიროების მიხედვით - ორ ან სამ ჯგუფად.

სამუსიკო სემინარიამ აღადგინა სამუსიკო განათლების ის ტრადიცია, რომელიც  საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან არსებობდა - სამუსიკო სემინარიის შენობაში 2010 წლის სექტემბრიდან გაიხსნა განათლების სისტემის სტანდარტების შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ა.ი.პ "ჩვენი სკოლა", რომელშიც მხოლოდ სემინარიის ბავშვები სწავლობენ. სკოლაში ასწავლიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, სხვადასხვა უნივერსტეტების პროფესორ-მასწავლებლები. სწავლება სკოლასა და სემინარიაში ურთიერთთავსებადი ცხრილით ხორციელდება. ეს ზოგავს დროს და ხელს უწყობს უკეთესი შედეგის მიღწევას. სკოლაში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული კლასები და სასადილო.

სამუსიკო სემინარიას აქვს დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზი, რომელშიც მუდმივად ტარდება დახურული და ღია კონცერტები, თემატური საღამოები, შეხვედრა-კონცერტები, კონსერვატორიის პედაგოგებისა და უცხოელი მუსიკოსების მასტერკლასები. 

სემინარიას ასევე აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, ვიდეო და აუდიოთეკა. კონცერტების, საოპერო დადგმების უნიკალური ჩანაწერები.

სამუსიკო სემინარია ყოველ წელს, სემესტრების მიწურულს, მუდმივად ატარებს საჩვენებელ კონცერტებს კონსერვატორიის მცირე და დიდ საკონცერტო დარბაზებში,
სემინარიის მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებში წარმატებული გამოსვლებით. სემინარიას უკვე ჰყავს გრან-პრის, პირველი ადგილის მფლობელები, ვარსკვლავები და ლაურეატები. 

2012 სასწავლო წლიდან სამუსიკო სემინარიაში თბილისელ მოსწავლეებთან ერთად სწავლობეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან საგანგებოდ შერჩეული ის ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც მანამდე მატერიალური პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ დედაქალაქში სწავლის გაგრძელებას. საქართველოს მთავრობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით მათ საშუალება აქვთ უფასოდ იცხოვრონ თბილისში და უფასოდ მიიღონ მუსიკალური განათლება. ეს პროექტი განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ვინაიდან ბავშვები ცხოვრებენ საგანგებოდ შერჩეულ ისეთ ოჯახებში, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. უპირატესობა ენიჭებათ პროფესიონალი მუსიკოსის ოჯახებს. ბავშვების მოვლისა და კვების ხარჯებს ოჯახებს სახელმწიფო ყოველთვიურად უნაზღაურებს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში რეგიონიდან ჩამოსული ბავშვები უფასოდ სწავლობენ.

სემინარიის მისამართია:

ჩუბინაშვილის (ყოფილი ორჯონიკიძის) ქ.42

ტელ: 294 25 40      ფაქსი: 294 25 40

საავტორო უფლებები © თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2011
X
Change Password
User Name  
Password  
Re-type Password  

corepidcorepinput type